logo
ENG



"მოვისმინეთ ცინიკური განცხადება" - მდინარაძე ტრენინგების შესახებ აშშ-ის საელჩოს განმარტებაზე

02 ოქტ 202321:06
3 წუთის საკითხავი
 
"მოვისმინეთ ცინიკური განცხადება" - მდინარაძე ტრენინგების შესახებ აშშ-ის საელჩოს განმარტებაზე
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ცინიკურს უწოდებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც USAID-ის ტრენინგების მიზანია განმარტებული.

მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წაიკითხა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ტექსტის ფრაგმენტი, სადაც საელჩო განმარტავს, რომ ტრენინგი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს ჩაუტარდათ - ოცნების დეპუტატმა ამას "ცინიკური განცხადება" უწოდა და თქვა, რომ "მკაფიო განმარტებები" ვერ მოისმინეს.

"ნებისმიერმა ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა USAID, მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. მკაფიო განმარტებები ვერ მოვისმინეთ.

ნაცვლად ამისა, მოვისმინეთ ცინიკური განცხადება მაგალითად იმის შესახებ, რომ თურმე რაც მოვისმინეთ, ის ტექსტი კი არ ყოფილა და ახალგაზრდების რევოლუციისთვის მზადება კი არ ყოფილა, ყოფილა რა - "კანვასთან თანამშრომლობის ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას".

თუ ეს მოცემულობა მართალია, მაშინ ჩვენ ვართ მტყუანები და ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, დღეს რაც ვნახეთ იმ ჩანაწერებში, მოგვეჩვენა ყველაფერი...

ამ დონის ცინიზმი მივიღეთ დღეს სამწუხაროდ და როდესაც საუბარია ჩვენს მეგობარზე, დიახ, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში არ არიან მართლები", - ამბობს მდინარაძე.

გარდა ამისა, მდინარაძე ირწმუნება, რომ ისინი, ვინც ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კარვების კანონპროექტს აკრიტიკებს, "თანამზრახველია გეგმისა, რომელიც სუს-მა ამხილა".

"ძალიან მოკლედ უნდა ვთქვათ, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს მანიფესტაციების შესახებ, რომელზეც დღეს გვქონდა საუბარი, შეგვიძლია ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვთქვათ, ის არის თანამზრახველი იმ გეგმისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამხილა და რომლის დიდი ნაწილი დადასტურდა დღეს გამოქვეყნებული მასალით", - ამბობს მდინარაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

ამასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა და  USAID-ის მიმართ ქართული ოცნების ბრალდებებს მცდარი და დაუსაბუთებელი უწოდა. 

განცხადებაში საელჩომ განმარტა, რომ CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ბრალდებებზე ორგანიზაცია CANVAS საქართველომ დღეს განცხადება გაავრცელა და ეს ზეწოლად შეაფასა. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ სუს-ის ბრალდებებამდე იყო შემთხვევები, როცა თანამდებობის პირებმა მათი დირექტორის მისამართით მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთეს.


close დახურვა